რუსეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს მიმართეს და სოფლის მთავარ გზაზე ასფალტის დაგება სთხოვეს. მიმართვა ომსკის ოლქის ზემო კარბუში მოსახლეობამ ჩაწერა.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, ნადი ვახტერმა სოფლის მცხოვრებლებს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ სხვა სახელმწიფოს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ვერ ჩაერევიან.
"გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმას, რომ ამ სიტუაციაში ქალბატონ კანცლერს არ შეუძლია გადამწყვეტი ზომების მიღება. ვწუხვართ, რომ ვერაფრით გეხმარებით", - აღნიშნულია ვახტერის საპასუხო წერილში.
ივნისში ჩაწერილ მიმართვაში ზემო კარბუში მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათი სოფელი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გერმანელებმა დააარსეს. მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ დასახლების ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ გზაზე ასფალტი არასდროს დაგებულა. მათივე თქმით, არაერთხელ მიუმართავთ სხვადასხვა ორგანოსთვისა და რუსეთის მთავრობისთვის, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.
მიმართვის ინიციატორი, ირინა დროზდოვა ამბობს, რომ პასუხით კმაყოფილნი არიან, რადგან არგუმენტირებული პასუხი მიიღეს. გარდა ამისა, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ასფალტი დაიგება, ეს მერკელის დამსახურება იქნება.
"ჩინოვნიკებმა ჩვენი მიმართვის სახით პანღური მიიღეს და კომიდან გამოვიდნენ. დაგვპირდნენ, რომ გზას 2022 წელს დაგვიგებენ", - განაცხადა დროზდოვამ.