უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა, ღამით, უკრაინას 656 დრონითა და სხვადასხვა ტიპის 73 რაკეტით შეუტია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, დიდია დაშავებულთა რაოდენობაც.
მედიის ცნობით, რუსული ძალების შეტევის ძირითადი მიმართულება კიევი იყო. თავდასხმები ასევე განხორციელდა დნიპროს, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავას ოლქსა და სხვა რეგიონებში.
ბოლო მონაცემებით, დედაქალაქ კიევში 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 65-ს მიაღწია, მათ შორის სამი ბავშვია.
ტრაგედიაა ქალაქ დნიპროშიც - საცხოვრებელ უბნებზე მიტანილი იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 3 წლის ბავშვის ცხედარი კი მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს.
ნგრევაა ხარკოვშიც, სადაც ოკუპანტების სამიზნე ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად საბავშვო ბაღი გახდა.
თავდასხმებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მასირებული დარტყმების მიზეზი ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის მიერ გაშვებული 729 სამიზნიდან 642 - 40 რაკეტა და 602 დრონი - გაანადგურეს. მათ შორის 11 ბალისტიკური რაკეტა, "კალიბრის" ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტა დ სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები.
