რუსეთის მმართველი პარტია, ედინაია რასია რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ რეგიონებს იარაღი მიაწოდონ. ეს განცხადება სახელმწიფო დუმაში მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ვასილიევმა გააკეთა.
"ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ამ საკითხზე და მივედით დასკვნამდე, რომ ვერ მივატოვებთ მოქალაქეებს კიევის რეჟიმის პირისპირ. ამასთან დაკავშირებით, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას თხოვნით, დახმარება გაუწიოს ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებს სამხედრო პროდუქციის მიწოდების სახით, რომელიც აუცილებელია აგრესიის შესაჩერებლად, ასევე მიიღოს ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა დუმის დეპუტატმა.
მანამდე ოკუპირებული რეგიონებისთვის იარაღის მიწოდების იდეა ედინაია რასიას საბჭოს მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა წამოაყენა.
გაეროს შეფასებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთით 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს განლაგებული. კიევი და დასავლეთი შიშობენ, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში შეჭრას ცდილობს.
რუსეთის ხელისუფლება კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ უკრაინის გარშემო დაძაბულობას აშშ და NATO იწვევენ. ჯარების განლაგების შემდეგ მოსკოვმა დასავლეთისგან ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა, რომელიც NATO-ს გაფართოების შეწყვეტას გულისხმობს. მათ შორის საუბარია, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან NATO-ს წევრები.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს, ბრიტანეთმა თავის მხრივ აღნიშნა რომ იმავეს გაკეთებას არც ის გამორიცხავს.