რუსული პრესის ცნობით, რუსეთმა გერმანიის ხელისუფლებას ნავალნიზე ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების დეტალური დოკუმენტაციის მიწოდება სთხოვა.
დღეს, 2 სექტემბერს გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ნივთიერებით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალიც.
რუსული გაზეთი RBC წერს, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ნავალნის მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის გადაცემა სთხოვა, ნარკოტიკებზე, საწამლავზე, აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორზე და სხვა ნივთიერებებზე ჩატარებული კვლევების ჩათვლით, რომლებიც ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ უპასუხებს რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნას გერმანიის მთავრობა.
რუსეთის პროკურატურამ გერმანიის მთავრობისგან ნავალნის სისხლის, თმის, შარდის, ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშებიც მოითხოვა, ისევე როგორც ყველა სამედიცინო დოკუმენტის ასლი.
პროკურატურა აცხადებს, რომ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას დაიცავს და მხოლოდ მხოლოდ გამოძიების პროცესში გამოიყენებს.
ნავალნი, რომელიც გასულ თვეში მოწამლეს, ამჟამად ბერლინის ჰოსპიტალში მკურნალობს. რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია. გერმანელი ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. ნავალნი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე აღარ ემუქრება.