რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს, მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ,,ოცნების" პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან. უწყების ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში ქართული მხარის ვიზავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი იქნება.
რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ მომლაპარაკებლების ყურადღება სავაჭრო ბრუნვისა და ტურიზმის ზრდაზე, სატრანსპორტო კავშირების გაფართოებასა და კულტურულ გაცვლებზე გამახვილდება.
მოსკოვის შეფასებით, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად იმ დიალოგის აღდგენაზე მიანიშნებს, რომელიც მხარეებს შორის 2012 წელს დაიწყო და თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. იგი პარალელურად საგარეო უწყებაში დაკავებულ თანამდებობასაც შეინარჩუნებს, რაც რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგისა და მანდატის ზრდას გულისხმობს.
