რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ პაველ პოპოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას თაღლითობაში ედება ბრალი.
გამოცემა TASS წერს, რომ პოპოვი დაკავებულია.
პოპოვი მინისტრის მოადგილე 2013 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ივნისამდე იყო. მანამდე ის თითქმის 20 წლის განმავლობაში მსახურობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, იყო სერგეი შოიგუს მოადგილე, რომელსაც შემდეგში თავდაცვის სამინისტროში გადაჰყვა. შოიგუ თავდაცვის მინისტრობის თანამდებობიდან მაისში გადააყენეს და ამჟამად ის უსაფრთხოების საბჭოს მდივანია.
ივლისის ბოლოს სახელისუფლებო გამოცემა TASS წერდა, რომ პარკ "პატრიოტში" სახელმწიფო შესყიდვებიდან 40 მილიონი ლარის თაღლითურად მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყო. პარკის ადმინისტრაციაში ჩხრეკა ჩატარდა. აგვისტოში უკვე საგამოძიებო კომიტეტმა პარკის დირექტორი ვიაჩესლავ ახმედოვი დააკავა. ასევე დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციური განვითარების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ შესტეროვი.
2024 წლის აპრილის შემდეგ რუსეთში რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო დააკავეს. ქრთამის ბრალდებით დაკავებულნი არიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი, თავდაცვის სამინისტროს პერსონალის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი.