რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მობილიზებულ სამხედრო პერსონალს და ხელშეკრულებით დაქირავებულ ჯარისკაცებს 195 000 რუბლი გადაეცემათ (დაახლოებით 3 000 დოლარი).
პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მობილიზებულმა სამხედროებმა გამოხატეს უკმაყოფილება, რომ დაპირებული 195 000 რუბლი არ მიუღიათ. ისინი ასევე საუბრობდნენ საცხოვრებლის პრობლემებზე, ასევე უნიფორმებსა და დაგვიანებულ ანაზღაურებაზე.
19 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თითოეული მობილიზებული სამხედრო ყოველთვიურად 195 000 რუბლს ერთიანი ჩეკით მიიღებდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხებოდა.
31 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ დანამდვილებით არ იცის, საჭიროა თუ არა ამასთან დაკავშირებით ცალკე განკარგულების გაცემა.
პირველ ნოემბერს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ გაუგზავნა დეპეშები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებს „ნებისმიერი გამოძახების შეჩერებისა და შემდგომი გაუვრცელებლობის შესახებ“. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანება 21 სექტემბრის ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შესახებ შესრულდა - 300 000 ადამიანი გამოიძახეს..