logo
ENG



რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს

21 აგვ 202612:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/21/v9ds5p1t0j33hoz.png

„ქართული ოცნების“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გავრცელა. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი მთავრობის მეთაურის განცხადებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის გამო დედაქალაქში უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაადგილება გაძნელდება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია.

კალაძის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე მხოლოდ ასფალტის საფარი არ იცვლება — სრულად ახლდება ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელი, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა. მერმა ბოდიში მოუხადა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და მძღოლებს შექმნილი უხერხულობების, ხმაურისა და საცობების გამო და მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდა.

როგორც „ქართული ოცნების“ მერმა აღნიშნა, ყველაზე რთული ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება, როდესაც სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად საავტომობილო ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მისი თქმით, მერია აქტიურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა ქალაქში სატრანსპორტო დატვირთვა შეძლებისდაგვარად შემცირდეს.

„ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა — ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ.“


close დახურვა