რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა.
მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.
ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".
ვლადიმირ პოზნერი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია.
ის რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
იმას, რომ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, მასთან ერთად მყოფი პირებიც ადასტურებენ.
ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ელენე ხოშტარიას ფეისბუქ პოსტია - პოზნერის ვიზიტის შესახებ ინფორამცია თავდაპირველად სწორედ მოძრაობა დროას დამფუძნებელმა გაავრცელა.
"ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგუალაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.
ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია". - დაწერა ელენე ხოშტარიამ.
"იმ პოლიტიკოსისგან, რომელსაც შეუძლია, საკუთარ თავს მისცეს უფლება, საქართველოს პარლამენტის დარბაზში გააჟღეროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი, ალბათ საერთოდ უხერხულია რამის თქმა". - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ხოშტარიასზე.
"ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს კანონმდებლობა, წესები. ყველაფერი ხდება ამ წესების მიხედვით. ამ წესებით შემოდიან ადამიანები, ამ წესებით გადიან ამ ტერიტორიიდან. რაც შეეხება ამ განცხადებას - მასში ერთადერთი რამ ამოვიკითხე, ეს არის ზიზღი, ეს არის უხამსობა". - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.