რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სლავუტიჩი დაიკავეს. ინფორმაციას ქალაქის მერი იური ფომიჩოვი ავრცელებს,
ფომიჩოვის თქმით, ქალაქი რუსული შეიარაღებული ფორმირებების მიერაა ოკუპირებული.
"სლავუტიჩი დღეიდან ოკუპირებულია. ჩვენ მედგრად ვიცავდით ჩვენს ქალაქს, 3 დღის წინ მივიღეთ ულტიმატუმი ჩაგვებარებინა ის ბრძოლის გარეშე, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა, ეროვნულმა პოლიციამ, მიიღო გადაწყვეტილება ქალაქი ბოლომდე დაეცვა. სხვანაირად არ შეეძლოთ, ისინი სამხედროები არიან, ამისთვის იბრძვიან", - განაცხადა ქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, ოკუპანტებთან ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. გარდა ამისა, სლავუტიჩში ამოქმედდება კომენდანტის საათი საღამოს 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, რომელსაც მერის თქმით, ოკუპანტები გააკონტროლებენ.
როგორც მერი ამბობს, დღეს ოკუპანტებმა 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობა სლავუტიჩში რუსების წინააღმდეგ აქციას მართავდა.