logo

რუსუდან გოცირიძის Op-Ed: არამც და არამც!

clock 17 clock 513 clock 31 აგვ 202021:00
k5krxyz1m54347f.jpg

"უფალო ღმერთო, ყოველთა სულთა და ხორცთაო,
შენი ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით რომ სიკვდილი დათრგუნე,
ბოროტს ძალა გამოაცალე, და ამ სოფელს სიცოცხლე მიანიჭე.
განუსვენე შენი გარდაცვლილი მსახურის სულს ადგილსა ნათლისასა,
ადგილსა მოსვენებისასა, ადგილსა საამურსა,
სადაც არ არის ტკივილი, მწუხარება და ტანჯვა-წვალება.
შენი მამა-შვილური სიყვარულით აპატიე მას ყველა ცოდვა და დანაშაული,
რაც კი ჩაუდენია ფიქრით, სიტყვითა და საქმით,
რადგან არ არსებობს ადამიანი ცოცხალი იყოს და არ შესცოდოს.
მხოლოდ შენა ხარ უცოდველი, უფალო.
მხოლოდ შენი სიმართლეა მარადიული სიმართლე,
მხოლოდ შენი სიტყვაა ჭეშმარიტება..."

ეს არის სიტყვები, რომელსაც ღვთისმსახური აღავლენს წესის აგებისას. ეს არის ლოცვა, რომლითაც ღვთისმსახურმა უნდა ანუგეშოს ჭირისუფალი და რომლითაც გარდაცვლილის ცოდვების მიტევება და მისი სულის ხსნა უნდა შეავედროს უფალს.

თუკი ამ სიტყვებს მივიღებთ არა ვედრებად, არამედ განაცხადად, რომლის უთქმელადაც ადამიანი აუცილებლად ჯოჯოხეთში წავა, მერე ამას დავუმატეთ სიტყვებს იოანეს სახარებიდან - "ვისაც მიუტევებთ - მიგეტევებათ, ვისაც დაუჭერთ - დაუკავდებათ" და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ მღვდელმსახური იესოს სახეს წარმოადგენს მორწმუნეთა წინაშე, მაშინ ჩვენი სულის გადარჩენის საქმეს იესოს კი აღარ უნდა ვუმადლოდეთ, არამედ მღვდელს, რომელიც კეთილს ინებებს და წესს აუგებს გარდაცვლილს. მღვდელს, რომელიც თვითონ გადაწყვეტს, აუგოს თუ არა წესი 13 წლის ბიჭს, რომელიც მოკვდა ჯართის გროვებისას და ვერასოდეს მოახერხა ნათლობისათვის საკმარისი თანხის შეგროვება. ანდა 14 წლის მოზარდს, რომელიც პოლიციაში დაკითხვების შემდეგ შეშინებული ავიდა მაღალსართულიანი სახლის სახურავზე და გადმოხტა. ღვთისმსახურის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ამას თვითმკვლელობად მიიღებს, თუ უნებლიედ გადმოვარდნად. ღვთისმსახურისავე ხელშია 11 წლის ბიჭის სულის ამბავიც, რომელიც მოძალადე მამამ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ველოსიპედზე მეოცნებემ ყულფში გაჰყო თავი. მერე რა, რომ ჯერ ისევ მიდის გამოძიება, ეს მართლა თვითმკვლელობა იყო თუ ცემისას შემოაკვდა მამას...

ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირში იყო თვითმკვლელობა კრიმინალიზებული სტალინის დროიდან მოყოლებული ბრეჟნევამდე. თვითმკვლელობა ითვლებოდა კომუნისტური სისტემის უარყოფად. მკვდარს რაღას დააკლებდნენ (ისინი ხომ საიქიოს განკარგვაზე არ აცხადებდნენ პრეტენზიას) და თვითმკვლელის ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ხანდახან მეზობლებსაც კი უწევდათ სხვადასხვა ფორმით პასუხისგება სახელმწიფოს წინაშე.

მე, როგორც ქრისტიან ღვთისმსახურს, უფლებას მაძლევს ჩემი ღვთისმსახურის მოვალეობა, რომ ხმა ამოვიღო, როდესაც ისეთი ქრისტიანობა იქადაგება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩემი ქრისტეს, უკიდეგანო სიყვარულისა და უპირობო მიტევების ღმერთის სწავლებასთან. ქრისტეს სწავლებასთან, რომელმაც თავად დადო სიცოცხლე სხვების გადასარჩენად და მადლის მეშვეობით ადამიანებს სიყვარულისმიერი დახსნა მოუტანა და არ დატოვა რჯულის სამსჯავროს ხელში. მადლით გადავრჩებითო, მადლითაო - ამბობს პავლე მოციქული რომაელთა წერილში. და ეს მადლი რაღაცა ჯადოსნური ძალა კი არაა, რომელიც კონკრეტული ადამიანების ხელშია, რომლებიც თავისი ნებისამებრ განკარგავენ მას, არამედ ესაა სიყვარულამდე და თავისუფლებამდე სავალი გზა.

ასე, მხოლოდ ნუგეშის, სიყვარულისა და პატიების ამარა თუ დავტოვეთ ხალხი, ხომ გამრავლდაო ცოდვაცა და თვითმკვლელობაც? ეს კითხვა პავლეს დროსაც გაჩნდა და მან ასე უპასუხა - "არამც და არამც"!

არც ერთი რანგის სასულიერო პირს არ ხელეწიფება საიქიო საქმეებში ჩარევა. მით უფრო ვინმეს სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში გადამისამართება. ამის შესახებ ვერსად ნახავთ ვერც ძველ და, ვერც ახალ აღთქმაში. იოანეს სახარებაში ნათქვამი სიტყვები - "რასაც მიუტევებთ - მიეტევებათ" ყველა დენომინაციამ სათავისოდ მოირგო და გადაწყვიტა, რომ ჩემი ეკლესია ვისაც დახსნილად გამოაცხადებს - დახსნილია და ვისაც ცოდვილად - ის ჯოჯოხეთის ლუკმააო... რამდენად ვიწროდ უნდა ხედავდე ადამიანი ღმერთსა და ღვთისმსახურებას, რომ ეს სიტყვები აღიქვა სამოთხის გასაღებების ფლობად. თუკი ჩვენ არ მივუტევებთ, მაშინ ამ ადამიანებს არ ეცოდინებათ რა არის მიტევება, რადგანაც ჩვენ ვართ ქრისტეს ხატებები. ჩვენ ვემსგავსებით ქრისტეს, როგორც პავლე ამბობს...
თვითმკვლელობას თუ გვინდა ვებრძოლოთ, იმ უბედურ ადამიანებს კი არ უნდა გამოვუწეროთ ჯოჯოხეთის საგზურები, არამედ სიცოცხლეში არსებულ ჯოჯოხეთს უნდა დავუპირისპირდეთ.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა