logo
ENG



რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს

24 თებ 202222:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/eamci07conqbx5s.jpg
Reuters

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა ალიონა შევცოვამ გაავრცელა.

„რუსებმა ჩერნობილის სადგური დაიკავეს. იქ მომუშავე პერსონალი მძევლად აიყვანეს. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც“ - აცხადებს შევცოვა.

ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკიც. ის შიშობს, რომ რუსები, შესაძლოა ატომურ ელექტროსადგურში ახალ პროვოკაციებს გეგმავდნენ, რაც რადიოაქტიური ნარჩენების გამო ძალიან სახიფათოა.

"მწვავე შეტაკებების შემდეგ, ჩვენ ჩერნობილის სადგური დავკარგეთ. ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურისა და ბირთვული ნარჩენების საწყობის ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია. ვიცით რა, რუსეთის ჩვევების შესახებ, სავარაუდოა, რომ ისინი უკვე ამზადებენ პროვოკაციებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში: ისინი ან შეტაკებისას მიღებულ ზიანს უკრაინას დააბრალებენ, ან ავად დააზიანებენ ამ დროისთვის ყველაზე სახიფათო ობიექტებს" - აცხადებს პოდოლიაკი.

რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობდნენ, რაც, მისი თქმით, მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა