მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგომლობას დააყენებენ. ეს ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში თქვა, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას დაესწრება.
საძაგლიშვილის თქმით, საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მაღალია და სასამართლომ პროცესის საჯაროობა უნდა უზრუნველყოს.
"აქამდე არ ჩატარებულა საქართველს ისტორიაში სასამართლო პროცესი, რომლის მიმართაც ასეთი მაღალი ინტერესი იქნებოდა, როგორც დღევანდელი პროცესის მიმართ. ჩვენ მოვითხოვთ ამას და იმედი მაქვს, სასამართლო არ დაკავდება იმით, რომ ხელი შეუშალოს პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფას", - თქვა საძაგლიშვილმა.
საქალაქო სასამართლოში უკვე შეკრებილი არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. აღსანიშნავია, რომ პროცესი 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.
დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ.