დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიში ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალს დღეს მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. ჰააგადან გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ ყველაზე სადავო ეპიზოდზე ისაუბრა.
ფორმულას ინფორმაციით, ე.წ. "ვერხნი გარადოკის" ეპიზოდი კონკრეტული ინციდენტია, რომელსაც რუსეთი პროპაგანდისტულ არგუმენტად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. საუბარია ქართველი სამხედროებისა და რუსი სამშვიდობოების დაპირისპირებაზე.
„ჩვენ დავთანხმდით, რომ ვაწარმოებდით არსებული შესაძლო მტკიცებულებების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ შესწავლას. მუშაობის დაწყების შემდეგ, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მგზავრობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა სირთულეები შეგვიქმნა გამოძიების მსვლელობისას, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ მოვაგროვეთ მტკიცებულებების საკმარისი რაოდენობა. ის მოიცავს მოწმეთა ჩვენებებს, სატელეფონო საუბრებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ანგარიშებს. ჩვენს გამოძიებაზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიში შევიტანეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში.
მივედით დასკვნამდე, რომ არ არსებობს სათანადო საფუძველი ქართველი სამხედროების სამართლებრივი დევნისთვის „ვერხნი გარადოკის“ ინციდენტთან დაკავშირებით. საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, მშვიდობისმყოფელები არიან დაცული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან მიუკერძოებლები და თუ ისინი ღიად არ მონაწილეობენ შეიარაღებულ კონფლიქტში. რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერამ ვითარების სერიოზული ესკალაცია გამოიწვია 2008 წლის 7-დ აგვისტოს საქართველოში რუსეთის შეჭრამდე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წინასწარი ანგარიში დაეხმარება პროკურორის ოფისს გამოძიების წარმოებაში“, - აცხადებს საქმეზე მომუშავე ერთ-ერთი იურისტი.