თბილისის საქალაქო სასამართლომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე ნარიმანიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატიული სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
გიორგი ნარიმანიძეს ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის აქვს წარდგენილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მანამდე ამავე საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს.