logo
ENG



სააკაშვილი: გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლებთ

21 სექ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ისინი სხვა პარტიებთან ითანამშრომლებენ და იქნებიან "ძალიან გახსნილები". ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

"საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური. აქვე უნდა ითქვას, რომ, ვფიქრობ, ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და ის, რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები", - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩენებზე ხმების მაქსიმუმისა და უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 სექტემბერს ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში და ხედავს მხოლოდ "საზოგადოების კოალიციას".

"მე ვხედავ კოალიციას საზოგადოების. მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების, საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით. ამ არჩევნებზე უმრავლესობას აიღებს ან ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება. ჩვენი გამარჯვების შემდეგ იქნება ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა, იქ შეიძლება იყოს სხვა პარტიებიც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


close დახურვა