logo
ENG



სააკაშვილი: თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე

20 ოქტ 202112:34
3 წუთის საკითხავი
 
კადრი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. ამაზე ის წერილში წერს, რომელიც ჟურნალისტებს ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. 

სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ვიდრე ის დაპატიმრებულია, საკვებს არცერთი ფორმით არ მიიღებს.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციას, როგორც საძაგლიშვილმა განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოხდება.

"ყველა ჩემი ნაბიჯი ნაკარნახევი იყო მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე, მოვუწოდებ სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ. ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით - შეწყდეს მართლსამჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ძალდატანების და გაყალბების გარეშე.

სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა ბოლომდე შემრჩეს, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს. 

ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - წერს სააკაშვილი.

გუშინ, 19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. 

როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, მათ კონსილიუმის დოკუმენტები განიხილეს და პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს.

მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის მე-20 დღეა შიმშილობს.


close დახურვა