logo
ENG



სააკაშვილი: ივანიშვილმა მოინდომა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურება

28 აგვ 202421:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/28/s11htqfag05gc2e.jpg

ოლიგარქის მორიგი ტრიუკი

ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

მან განიზრახა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმიდათა წმიდა - ზიარება.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდეც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პატრიარქსაც და მთელს სამღვდელოებას, ასეთი რამ ფორმალურად პუტინის რუსეთშიც არ გაუკეთებიათ. თუმცა, ნათელია, რომ ეს მზაკვრული გეგმა სწორედ რუსეთიდან არის გამოგზავნილი.

თუ, მაგალითად, ზიარებისას ცნობილი გახდა, რომ თქვენ არ ეთანხმებით ივანიშვილს, თქვენ შეიძლება განგკვეთონ.

გავიფიქრე, რომ ეს იყო უკანასკნელი წვეთი, რომელსაც მთელი ერის წინააღმდეგობა უნდა გამოეწვია და მე ამის დიდი იმედი მქონდა, რადგან ვფიქრობ, რომ არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებაში, ეკლესიაშიც არიან მოუსყიდავი, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც არ დათმობენ პრინციპებს და არ გაათელინებენ ეკლესიას დიქტატორს.

მე, რომელმაც კარგად ვიცი, როგორ ეჯავრება ივანიშვილს ეკლესია, ვხვდები, რომ ეს არის დედა ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა. ეს არის მის ჩანაფიქრებში ყველაზე მზაკვრული იდეა.

ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მესმის, საპატრიარქო მტკიცედ არის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაცვის პოზიციაზე. პატრიარქს, რომელმაც კარგად იცის, რა იყო საბჭოთა დიქტატურა, შეუძლებელია იქ დაბრუნება უნდოდეს.

ამას ვამბობ მე, მორწმუნე ქრისტიანი, რომელმაც შემოვიტანე ხუთჯვრიანი დროშა, აღვადგინე ბაგრატის ტაძარი, ისევე, როგორც არაერთი ეკლესია-მონასტერი. მნიშვნელოვნად გავზარდე ეკლესიის დაფინანსება და ავტორიტეტი, რისთვისაც არაერთხელ კრიტიკაც მიმიღია, მაგრამ არასოდეს მინანია. იუსტიციის მინისტობისას, ჩემი ინიციატივით, ხელი მოვაწერეთ კონკორდატს პატრიარქთან ერთად.

თავისი ნაბიჯით ივანიშვილი ცდილობს გადაფაროს არჩევნების პროცესში მისი პარტიის ჩამორჩენა ოპოზიციასთან შედარებით.

მისი აზრით, ალბათ შეიქმნება ეკლესიის საქმეთა სამინისტრო და სურს დანიშნოს "თავისი კაცი", რომელიც გააკონტროლებს ეკლესიას. რუსეთის იმპერიაში ასეთ თანამდებობას ეწოდებოდა ობერ-პროკურორი, აქ ალბათ იქნება "ჭორვილელი ზედამხედველი".

ასეთ სიტუაციაში რა საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა და 60%-ზე საუბარი - ბარემ პლებისციტი ჩაატაროს და გამოჩნდება, თუ რამდენია ამ უგუნური და მავნებლური გადაწყვეტილების მომხრე ქვეყანაში.
ამ კრიტიკულ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და სიმტკიცე! ეს არის გამარჯვების გზა.

დროა გამოვფხიზლდეთ!


close დახურვა