ენმ - ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ფორმულაზე ჩართვისას აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მაღალი შედეგის მიუხედავად, ოპოზიციურ ერთობას და კოალიციურ მთავრობას ალტერნატივა არ აქვს.
"რა თქმა უნდა, ოპოზიციური ერთობის და კოალიციური მთავრობის გარეშე ჩვენ არ გამოგვივა ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანა. კოვიდის პრობლემების დაძლევა, ეკონომიკური პრობლემების დაძლევა", - ამბობს სააკაშვილი.
მისი თქმით, მას არ აინტერესებს პრემიერმინისტრის პოსტი, მისი ერთადერთი სურვილია, ოპოზიციამ დაიწყოს მოლაპარაკებები.
"მე ვთქვი თავიდანვე, რომ მათ, ვისაც აღელვებს, რომ სააკაშვილი არ იყოს რამე თანამდებობაზე, მე არ ვაპირებ, რომ ვიყო რაიმე თანამდებობაზე, მე არ მივილტვი არც ერთი თანამდებობისკენ. მე მინდა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყოს მოლაპარაკებები.
მე რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში და მეწარმოებინა ნაციონალური კამპანია, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა აიღებდა უმრავლესობას. აბა, ჩამეხედა ხალხის თვალებში, აბა ჩამომერთმია მათთვის ხელი და მივეშვი ჩემს ამომრჩევლებამდე, მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავი. მე საერთოდ არ მაღელვებს ჩემი პოსტი", - ამბობს სააკაშვილი.
მისი თქმით, აუცილებელია ოპოზიციურმა ერთობამ იპოვოს ხალხი, რომელიც არის პროფესიონალი და საზოგადოების მხრიდან ნდობით სარგებლობს.
"იმ პირობებში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არის აბსოლუტურად მთავარი ბირთვი ოპოზიციური მოძრაობის. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ხალხი, რომელიც არის ერთიანი, პროფესიონალი და სარგებლობს საზოგადოების მხრიდან ნდობით", - ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილი ამ დრომდე, ოფიციალურად, ენმ - ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატია.
Edison Research - ის 16:00 საათის ეგზიტპოლებით, ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებზე 28%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. სრული შედეგები იხილეთ აქ.