logo
ENG



სააკაშვილი ენმ-ის პოლიტსაბჭოს ძველი წევრების დაბრუნების ინიციატივით გამოდის

20 ნოე 202317:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/20/x1tn8ch4ngbqctl.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ძველი წევრების დაბრუნების ინიციატივით გამოდის. ამასთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

მანამდე, სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო სხდომას დღეს დისტანციურად ჩაერთო, სადაც ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ გეგმებზე, ხაზი გაუსვა პარტიაში არსებულ დაპირისპირებას და თქვა, რომ თავად ჩაუდგება პროცესის კოორდინაციას სათავეში.

მესამე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 23 ნოემბრის მანიფესტის მნიშვნელობასაც. მან თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღია და ამ დღეს მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

"ჩემი პოზიცია ენმ-ის პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით იქნა არჩეული პარტიის ახალი თავმჯდომარე და ეს ორივე მხარემ აღიარა, ასევე ლეგიტიმურად ჩატარდა ახალი პოლიტსაბჭოს არჩევნები, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ცოტა იჩქარეს და პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდა ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი: ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, დავით ბერიტაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, გიორგი პატარაია, კობა ხაბაზი, მერაბ ჯანელიძე და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი.

ამავე დროს მე სრულიად ვიწონებ და მხარს ვუჭერ პოლიტსაბჭოს დღევანდელ შემადგენლობას, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის და ბრძოლაში ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, გვეთხოვა პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩენილი შემადგენლობისთვის უკან დაბრუნება და პროცესებში აქტიურად ჩართვა. მე ჩემი მხრივ, მხად ვარ, ვიყო მათი ჩართულობის აქტიური გარანტი და ეს ჩართულობა უნდა გამოიხატოს ახალ ინიციატივებში და პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაში. ჩვენ არ ვიბრძვით საპატიო მეორე ადგილისთვის, ამისთვის არ გამიწირავს ჩემი თავი და სიცოცხლე, არ დამიდია ფსონად. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ამისთვის გვჭირდება ერთიანობა, პირველ რიგში. გელით 23-ში!", - წერს სააკაშვილი.

პარტიული მანიფესტის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს "პარტიის გარეთ". მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".

სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.


close დახურვა