სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, „თელასის“ შესყიდვით გავლენიანი ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და ვანო ჩხარტიშვილი არიან დაინტერესებული.
ბიზნესმენი ხვიჩა „ფორმულას“ კითხვებს არ პასუხობს, თუმცა არც უარყოფს რომ თელასის წილის შესყიდვით არის დაინტერესებული.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ის მოლაპარაკებებს ერთდროულად ქართულ და რუსულ მხარეებთან აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ მაქაცარია ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ამ თემაზე შეხვედრები გამართა.
ინფორმაციას თელასის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჯერ არც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ფლობენ.
ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება თელასი 75 პროცენტიან წილს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ-რაოს“ შვილობილი კომპანია ფლობს. 25 პროცენტს კი საპარტნიორო ფონდი. თელასის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ჩიქოვანი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 25 % არ იყიდება, თუმცა ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ თელასით ხვიჩა მაქაცარია იყოს დაინტერესებული.