გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტში უკვე მივიდა. დღეს შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
სხდომაზე შესვლამდე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„დღეს წარვდგები კომიტეტის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ჩემი პროგრამით ვარ მოსული. ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, იმ ხედვაზე, რაც გამაჩნია პროკურატურის რეფორმირების გზაზე. მზად ვარ კომიტეტის კითხვებს ვუპასუხო. სხვა კითხვებს პასუხს სხდომის დასრულების შემდეგ გავცემ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
აღსანიშნავია, რომ შოთაძის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა.
შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამავდროულად, პარლამენტში შოთაძის მოსმენამდე მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.