logo
ENG



საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას სავარაუდოდ გაუხანგრძლივდება

13 ივლ 202011:26
3 წუთის საკითხავი
clock 820

პარლამენტში დღეს, 13 ივლისს, კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც მმართველ გუნდს წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შესაძლებლობას, საგანებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს შეზღუდვები.

კენჭისყრას არ დაესწრება ოპოზიცია. მათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, პროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიაჩნიათ და თვლიან, რომ ის არადემოკრატიულია.

მმართველ გუნდს სურს, მთავრობას 2021 წლის პირველ იანვრამდე გაუხანგრძლივოს შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა, საპარლამენტო ზედამხედველობის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.  აქამდე მოქმედი დროებითი ნორმით, ეს წესი 15 ივლისამდე მოქმედებს.

"მართალია საქართველოში ჩვენ შევძელით და კოვიდ-19-ის გავრცელების მართვა ეფექტურად შევძელით, მაგრამ მაინც არსებობს მცირედი შანსი იმისა, რომ შემოდგომაზე, როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, გავრცელდეს კიდევ უფრო მასშტაბურად. იცით, რომ ამ პერიოდისთვის არის არჩევნები - 31 ოქტომბერს. ეს ორი კომპონენტი უნდა შევძლოთ და ეფექტურად ვმართოთ. არჩევნების დღე უნდა ჩავატაროთ მაღალი სტანდარტებით და კოვიდ-19 გავრცელება იყოს მაქსიმალურად დაცული", - განაცხადა საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა.

 


close დახურვა