კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება საბჭომ იმის გამო მიიღო, რომ მოქალაქეების ნაწილი საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმი მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში მოქმედებდა. ასევე საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.