საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატში ამბობენ, რომ 3+3 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშის გამოყენება მიუღებელია, რასაც უწყების მტკიცებით, "შესაბამისი რეაგირება" მოჰყვა.
"ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონალურ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
3+3 ფორმატში მონაწილეობენ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. საქართველო ამ ფორმატში არ მონაწილეობს.
3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს.
ის გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები.
2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთად განიხილა ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნა. როგორც ლავროვმა თქვა, ირანულმა მხარემ ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა და რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ აზერბაიჯანს და თურქეთს.
ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ილაპარაკა. მან თქვა, რომ "ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე".
კრიტიკის შემდეგ საგარეო უწყების პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და რომ საქართველო რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.