საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნეს. სამთავრობო ცვლილების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის.
"ბატონ დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელი ემსახურება ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა თანამდებობაზე. მას, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
აშშ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დავით ზალკალიანი 2018 წლიდან იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. 2016-2018 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
იგი სხვადასხვა დროს იკავებდა ელჩის თანამდებობას, მათ შორის 2004 წელს დაინიშნა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში ელჩად. ასევე, 2008 წლიდან იყო ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.