ვარკეთილში მიწის გასხვისებისთვის გამოცხადებული აუქციონის ერთ-ერთი მონაწილე სუს-ში მშენებლობის თემაზე გამოკითხვას ადასტურებს. მიუხედავად ამისა, თბილისის მერს სასაცილოდ არ ჰყოფნის გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მერიისა და „არქი“ ჯგუფის სავარაუდო კორუფციულ კავშირებთან დაკავშირებით.
კომპანია „არქის“ მფლობელი დეპუტატი ივლიანე წულაია ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობაზე ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ ამ დრომდე არავის გამოუკითხავს.
სუს-ს თბილისის მერის სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით დოკუმენტები დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გადაუგზავნა. ჭიჭინაძეს სუს-იდან აცნობეს, რომ მის დოკუმენტაციას სწავლობენ. თავის მხრივ, უწყებაში გამოძიების დაწყებას უარყოფენ, სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებაზე დასმულ კითხვას კი არ პასუხობენ.
თბილისის მერიამ ღია აუქციონის წესით ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე 3 ჰა მიწა ერთ ლარად აგვისტოს ბოლოს „არქის“ შვილობილ კომპანიაზე გაასხვისა. შესყიდვის წესით 8000-მდე კვადრატულ მეტრ მიწაზე „არქიმ“ უსახკაროებისთვის საცხოვრებელი ფართი უნდა ააშენოს, რომელსაც მერიას გადასცემს, დარჩენილ ტერიტორიაზე კი მშენებლობის უფლება აქვს.
უმრავლესობის ბოლო სხდომას კახა კალაძე არ ესწრებოდა, რაც ოპოზიციისთვის სიგნალია გუნდში დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებს და „არქის“ საქმეც ამ კომპრომატის ერთ-ერთი შემადგენელია.
მმართველ გუნდში რეიტინგების მუდმივ ლიდერ თბილისის მერს გუნდის მთავარ წევრად მოიხსენიებენ და დაპირისპირებას უარყოფენ.
ოპოზიციის პროგნოზით, კახა კალაძეს პოლიტიკაში დამოუკიდებელი თამაში სურს და „ქართულ ოცნებაშიც“ თავისი გუნდი ჰყავს. ერთადერთი, რაც მას აჩერებს, ივანიშვილის მიერ შეგროვებული კომპრომატებია.