„გირჩისა" და „ბიბლიური თავისუფლების" მიერ გავრცელებულ განცხადებებს მეუფე საბა დეზინფორმაციას უწოდებს. ხობისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა „ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ საკითხს დეტალურად განიხილავენ და თუ საეკლესიო კანონები შესაძლებლობას მისცემთ, გარდაცვლილს წესს აუგებენ.
„ეს არის რელიგიური ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანება ავტომატურად ნიშნავს საეკლესიო სივრციდან გასვლას, რის გამოც საეკლესიო წესები ჩვენ წესის აგების უფლებას არ გვაძლევს. ამ თემას ჩვენ განვიხილავთ ყველა ნიუანსს დაწყებული მისი გაწევრიანებიდან გარდაცვალებამდე საეკლესიო წესების გათვალისწინებთ თუ რამე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ წესი ავუგოთ ეს შესრულდება ამ ადამიანის დაკრძალვა გადაწყვეტილი იყო იმ თავითვე სამშაბათს არანაირი გადადება არ მომხდარა როგორც გირჩი ავრცელებს“, -განაცხადა მეუფე საბამ.
ავტოავარიისას დაღუპული შაკო ბარამიძის ახლობელი კი "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ გარდაცვლილის ოჯახი „გირჩის" განცხადებებს ემიჯნება.
„გარდაცვლილის მშობლებთან კონსულტაციის საფუძველზე მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაციის გირჩის მიერ გაკეთებულ განცხადების შინაარსს. სრული დეზინფორმაციაა ის, რომ თითქოს ოჯახმა იმ მიზეზით გადადო დაკრძალვა, რომ ოჯახი იპოვიდა სხვა სასულიერო პირს, რომელიც აუგებდა წესს. წესის აგებას მე რამდენადაც ვიცი დაკრძალვა არ უშლის ხელს თუ წმინდა სინოდი და სასულიერო პირები გადაწყვეტენ რჯულის კანონის ფარგლებში, რომ დასაშვებია და შესაძლებელი გარკვეული გამონაკლისი დაშვება შესაძლებელი გახდება ალბათ წესის აგება უკვე დაკრძალვის შემდეგ“,-განაცხადა დავით გოგიშვილმა.