ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ცხინვალის ე. წ. სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს საერთაშორისო მწვავე კრიტიკა და გამოხმაურებები მოჰყვა. დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი ტვიტერზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობის შეფარდებას ქართულ ენაზე გამოეხმაურა.
ოფიციალური განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხზე საქართველოში ამერიკის საელჩომაც გამოაქვეყნა. აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს არც სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას და არც ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ განაჩენის ლეგიტიმურობას.
ექიმის გათავისუფლებას მოითხოვს ევროკავშირიც. ორგანიზაციის საგარეო სამსახური ოკუპირებული ცხინვალის გადაწყვეტილებას უკანონო დაკავების გახანგრძლივებად აფასებს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედს, რომ საოკუპაციო რეჟიმი დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ვაჟა გაფრინდაშვილს.
ტვიტერის გვერდებზე ეხმიანებიან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს სხვა უცხოელი პარტნიორებიც და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. განცხადებები გაავრცელეს ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ლიდერები ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის პატიმრობაში დატოვების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონებში კანონის უზენაესობის არარსებობას გვახსენებს. ისინი კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს დღეს ოპოზიციური პარტიების წევრებიც გამოეხმაურნენ და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას არც გეგმა გააჩნია და სინამდვილეში არც ქმედითი ნაბიჯები გადაუდგამს.
ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ძლიერი საერთაშორისო ზეწოლის გარეშე ვაჟა გაფრინდაშვილი ვერ გათავისუფლდება და აქამდე გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან დღეს აღარ გამოჩენილა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით გარკვეული ღონისძიებები ექიმის ოჯახთან ერთად ორშაბათიდანაა დაგეგმილი.
ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ბრალი არ აღიარა, უკანონო პატიმრობას საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის. მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა დე-ფაქტო რეჟიმის სასამართლომ მიუსაჯა.