logo
ENG



სავალუტო ფონდი შეშფოთებულია, იმით, რომ მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ხალხს არ ეხმარება - ვაშაძე

23 აპრ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს დახმარების საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა. 

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სავალუტო ფონდი შეშფოთებულია, რომ ხელისუფლება არ ატარებს მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას, ასევე მათთვის გაუგებარია თუ რატომ არ ხდება უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ფინანსური დახმარება.

ასევე, ვაშაძის მტკიცებით, სავალუტო ფონდმა წელს საქართველოს დასახმარებლად 280 მილიონი დოლარი გამოყო, მაშინ როდესაც, როგორც ვაშაძე ამბობს, ხელისუფლება 500-მილიონიან დახმარებაზე საუბრობს.  

"გუშინ ხანგრძლივი საუბარი მქონდა ვაშინგტონში სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისთან. 100-მდე ქვეყანამ მიმართა ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. მინდა გაგიზიაროთ 3 საკითხი, რომელიც იწვევს მათ შეშფოთებას: პირველი - ეს არის რომ, ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიან, რატომ წელავს ამდენი ხანი საქართველოს მთავრობა პროცესს და რატომ არ ეხმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს ამდენი ხნის განმავლობაში, რადგან სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ კრიტიკულია დროული მხარდაჭერა, მოხდეს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების. მეორე საკითხი, რომელსაც ისინი კრიტიკულად აფასებენ, არ იციან საიდან მოიტანა საქართველოს მთავრობამ დამატებით 500-მილიონიანი მხარდაჭერა წელს სავალუტო ფონდის მხრიდან, რადგან მხოლოდ 280 მილიონ დოლარზეა საუბარი ამ დროისთვის. ასევე, მათთვის ბუნდოვანია 3 მილიარდ დოლართან დაკავშირებით საუბარი, რომელიც სავალუტო ფონდში არის. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ასევე პრობლემურად აფასებენ - რატომ არ იწყებს საქართველოს მთავრობა მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას, რადგან, ეკონომიკის ამუშავების საგანგებო სიტუაციის გაუქმების ერთადერთი გზა არის მასობრივი ტესტირება, ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რითაც შეუძლია სახელმწიფოს შეაჩეროს ეკონომიკური კოლაფსი და შემდგომ იფიქროს საზღვრების გახსნაზე", - განაცხადა მან. 

 


close დახურვა