ზუგდიდელებს გადაადგილება მკაცრად შეეზღუდათ. ქალაქში აღარ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემცირებულია ქუჩაში მოქალაქეების მოძრაობაც. მკაცრად კონტროლდება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ადგილობრივებს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები ემსახურებიან.
ქალაქის გასასვლელთან დაიდგა საპოლიციო საკონტროლო-გამშვები პუნქტი. მკაცრი წესების დაცვით უწევთ ქალაქში შესვლა ავტომობილებს. მძღოლის გარდა, ერთი ავტომობილით მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანაა დასაშვები.
საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა ფოთშიც. ეს მეორე ქალაქია სამეგრელოში, რომლის შესასვლელსაც საპოლიციო საგუშაგო აკონტროლებს. მკაცრი წესების დაცვა უწევთ ადგილობრივებს საკვები პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო რეჟიმის ამოქმედების შესახებ დღეს ფოთში საკოორდინაციო საბჭოს დახურულ სხდომაზე იმსჯელეს. მხარის გუბერნატორის განმარტებით, ყველაზე დიდი რისკის წინაშე ზუგდიდი და ფოთი დგას. პორტისა და ტერმინალების გამო რეგიონში ბევრი ადამიანი იყრის თავს, ოკუპირებული ტერიტორიიდან კი მოქალაქეების უკონტროლო გადმოსვლის შემთხვევები იმატებს, რაც ეპიდემიის საფრთხეს ზრდის. ვითარების დამძიმებას, გუბერნატორის განმარტებით, ადგილობრივების მიერ წესების დარღვევაც უწყობს ხელს.
რეგიონში საგანგებო რეჟიმის გამკაცრების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გუშინ ზუგდიდში პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. გიორგი გახარია იქ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო. დამატებითი განმარტებები პრემიერის მრჩეველმა გააკეთა.
პოლიციელებთან ერთად, ბლოკპოსტებზე შესაძლოა სამხედროებიც ჩაერთონ, რომლებიც სენაკის ბაზაზე არიან მობილიზებულები. რეგიონში ეპიდემიური ვითარება სერიოზულად გართულებულია. 400-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული.