ინფრასტრუქტურული პრობლემები, საკმარისი სათამაშოების არქონა, თბილი წყლის პრობლემა - ეს იმ საჭიროებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სახალხო დამცველმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამოავლინა.
ომბუდსმენის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონებში 143 ბაგა-ბაღის მონიტორინგი ჩაატარა.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შესწავლის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
- არასაკმარისი ფართის გამო, შეზღუდულია ბავშვების საჭიროებები. განსაკუთრებით, არასტანდარტულ შენობებში განთავსებულ საბავშვო ბაღებში
- საბავშვო ბაღები არ არის სრულად მორგებული შშმ ბავშვების საჭიროებებზე და ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას
- საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო არ არის მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და უსაფრთხოების შესაბამისად
- არასაკმარისია ინვენტარი, რაც განსაკუთრებით მწვავეა საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახების საჭიროებებთან მიმართებით
- საბავშვო ბაღები იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით
- სველი წერტილები არ არის მოწყობილი ბავშვთა და განსაკუთრებით, შშმ ბავშვთა საჭიროებების მიხედვით; ფართობი და ინვენტარი არ შეესაბამება აღსაზრდელთა რაოდენობას. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში სველი წერტილები არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით
- აღმზრდელთა უმეტესობას არ აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას
- შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2% ჰყავს სპეციალური პედაგოგის კადრი
- პრობლემურია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ 13,75%-დან ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.
სახალხო დამცველი იმედი გამოთქვამს, რომ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას.