logo
ENG



საია-ს იურისტი: მოზარდის საქმეზე, შესაძლოა, პოლიციელებსაც წაუყენონ ბრალი

19 დეკ 201922:50
3 წუთის საკითხავი
 
9j6kucoklvp1uod.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა რევაზ აჭარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოზარდის საქმეზე შესაძლოა პოლიციელებსაც წაუყენონ ბრალი. 

„როგორც ჩანს, არის კიდევ სხვადასხვა პირი, რომელთაც შეიძლება ბრალდება წაეყენოთ. პოლიციელები არიან ესენი. ბევრი პოლიციელი იყო მაგ განყოფილებაში, დადგინდეს რომელი პოლიციელი რა სახის ძალადობას იყენებდა არასრულწლოვნის მიმართ. საია ჩართულია საქმეში და რა ინფორმაციასაც მიიღებს გამოძიებისგან, მიაწოდებს საზოგადოებას“, - განაცხადა აჭარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა.

საქმის პროკურორის განცხადებით, როგორც კი მედიკოსები შესაბამისს დასკვნას გასცემს, ჩოლოიანს საპატიმრო დაწესებულებაში მოათავსებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 

საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. დაკავების შემდეგ ჩოლოიანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩოლოიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსიაშვილი ამბობს, რომ ჩოლოიანს ჯანმრთელობიდან გამომდინარე მეტყველება უჭირს. შესაბამისად მას ბრალი საავადმყოფოში წარუდგინეს.


close დახურვა