საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას.
საია ასევე გეგმავს, ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას.
საიას შეფასებით, აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას. ახალი რეგულაცია არ ემსახურება არავითარი ღირებული კონსტიტუციური ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ფაქტობრივად, ის ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს – ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით – რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს, პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ შრომის ფასად მიღებული შემოსავალი ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც თავად ემიგრანტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მხოლოდ იმ შემთხვევებში მიიჩნევს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების შეზღუდვას დასაშვებად, როდესაც სახელმწიფოს რეალურად არ აქვს რესურსი, ყველა ქალაქში გახსნას საარჩევნო უბნები. ამავე დროს, საპარლამენტო არჩევნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ბაზაზე მუდმივად იხსნებოდა საარჩევნო უბნები, და სახელმწიფოს მუდმივად ჰქონდა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი, უზრუნველეყო ამ უბნებზე მყოფი ამომრჩევლების ნების თავისუფალი გამოხატვა.
სწორედ ამ შენობებზე ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და არა მიმღები სახელმწიფოს მართლწესრიგი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს სრულფასოვანი შესაძლებლობა, ორგანიზება გაუწიოს არჩევნებს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიმღები სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ახალ რეგულაციას სწორედ ქართულ არჩევნებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით ამართლებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და დიპლომატიურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების გახსნას არჩევნების ჩატარებისას. ამრიგად, საარჩევნო უფლების დაცვის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო რჩება იმ ძირითად ქვეყნისშიდა მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვა.
ამავე დროს, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში, დიდი სამართლებრივი, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეების განხილვის გაჭიანურებამ1 სერიოზულად დააზიანა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმის ეფექტიანობა. ადამიანის უფლებებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმეების გაჭიანურება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის იმ უფლებებს, რომელთა დაცვასაც ეს სარჩელები ემსახურება.
საია ამ სარჩელით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში ასევე, გეგმავს, ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას.
1 იმის მიუხედავად, რომ სარჩელი დასაშვებად არის ცნობილი, უკვე მეორე წელია საკონსტიტუციო სასამართლო არ ნიშნავს არსებითი განხილვის სხდომას ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. ე.წ. „ფარა”-სთან დაკავშირებით კი, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ დრომდე მხოლოდ ის გადაწყვიტა, რომ საია ამ სარჩელით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში ასევე, გეგმავს, ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას", - წერია განცხადებაში.
