საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის განცხადებით, გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა ნათლად აჩვენა, რომ მათთან გასამკლავებლად ქვეყანაში არსებული არაეფექტური სისტემა საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას.
"სახელმწიფო უწყებებმა უნდა უპასუხონ მთელ რიგ მნიშვნელოვან შეკითხვებს, იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია რაჭის, გურიის და ამჟამად აჭარასა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედიები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ადამიანების უსაფრთხოება, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხიმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.
2023 წელს რაჭასა და გურიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საიამ შეიმუშავა საადვოკაციო დოკუმენტი, „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, რომელშიც დასვა საკვანძო შეკითხვები ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენციასა და მართვასთან დაკავშირებით. ამ შეკითხვების უმრავლესობა დღემდე პასუხგაუცემელია ბუნებრივი კატასტროფების რისკების პრევენციასა და მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ, რომლებზეც მათ, მათ შორის, საჯარო ინფორმაციების გამოთხოვის განცხადებებითაც მიემართათ", - ნათქვამია განცხადებაში.
საიას თქმით, ამ დრომდე უცნობია, დაინტერესდა თუ არა გამოძიება იმ უწყებების მუშაობის შესწავლით, რომლებსაც არსებული კანონმდებლობით აქვთ მსგავსი ტიპის მოვლენების პროგნოზირების, პრევენციის, საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება.
გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.