logo
ENG



საია საუბრობს გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის კუთხითაა

08 მარ 202419:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/2v60rgcgdnbr1b9.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც დღეს საქართველოში ქალებს აქვთ.

საია წერს, რომ ქალები ხშირად აწყდებიან ბარიერებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხდებიან გენდერულად მოტივირებული ძალადობის და ოჯახში ძალადობის სამიზნე, განიცდიან სექსუალურ შევიწროებას, მათ შორის, დასაქმების ადგილას, მათზე არაპროპორციულად აისახება სიღარიბის და სოციალური უთანასწორობის უარყოფითი შედეგები. ორგანიზაცია აღწერს პრობლემებს, რომლებსაც ამ მიმართულებით ქალები აწყდებიან, კერძოდ:

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ორგანიზაცია წერს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას და ძალადობაგამოვლილი ქალები და გოგონები ხშირად თავს იკავებენ ძალადობის შეტყობინებისაგან დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების, სტიგმისა და შურისძიების შიშის და სამართალდამცავი ორგანოებისა და მხარდაჭერის სერვისების მიმართ უნდობლობის გამო.

საია წერს, რომ 15-69 წლის ასაკის ქალების 50.1 პროცენტს ცხოვრების განმავლობაში გამოუცდია ძალადობის ერთი ფორმა მაინც. ამასთან, ქალების 22.9 პროცენტს გამოუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან.

"2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 2022-2023 წლის ანგარიშში გამოიკვეთა, რომ საანგარიშო პერიოდში ოჯახში დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალური იყო.

ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს.ამ ტიპის დანაშაულზე, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 9%-ით შემცირებულია აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება ხოლო 10%-ითაა გაზრდილი გირაოს შეფარდების შემთხვევები", - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

სექსუალური ძალადობა

საია წერს, რომ სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ  ყველაზე მძიმე, დაფარულ და დაუსჯელ ფორმად და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული ეროვნული კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 

"სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განმარტებები არ ეფუძნება მსხვერპლის ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად მიცემულ თანხმობას, არამედ, კვლავ აუცილებელი მოთხოვნაა ძალის გამოყენება, ძალადობის მუქარა ან მსხვერპლის უმწეობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სტამბოლის კონვენციასთან", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაუპატიურების მსხვერპლთათვის განკუთვნილი კრიზისული ცენტრებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეფერირების ცენტრების ნაკლებობა მწვავედ პრობლემურია.

"გამოწვევას წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის გადაუდებელ სამედიცინო შემოწმებაზე და ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე წვდომის უზრუნველყოფა.

ამასთან, დასაქმების ადგილზე ქალთა სექსუალურმა შევიწროებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი გავლენა მოახდინოს მსხვერპლი ქალების ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, საბოლოოდ კი, ისინი შრომითი ბაზრიდან გარიყოს", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

საია წერს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, 15-69 წლის ქალების 24.5%-ს ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური შევიწროება.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო გასულ წელს საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროება ქალი დეპუტატების მიმართ. აღსანიშნავია, რომ მათ ამ დრომდე ამისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ", - ამბობენ საია-ში.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

საია-ს თქმით, ქალთა და გოგონათა გამოწვევები მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, კვლავაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ  სისხლის სამართლის პროცესში ხშირად გამოიყენება შაბლონური და მსხვერპლზე ნაკლებად ორიენტირებული მიდგომები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ქალთა კომიტეტის რეკომენდაციების შეუსრულებლობა

საია-ში ამბობენ, რომ ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციების აღუსრულებლობა.

"სახელმწიფო თავს არიდებს იმ სისტემური რეფორმების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, გამოწვევათაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა დაუსჯელობა, რომელთა მოქმედებების/უმოქმედობის შედეგადაც განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობა', - აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

საია-ში ამბობენ, რომ შემაშფოთებელია, რომ „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებაში 2023 წელს შეტანილი ცვლილებებით სახელმწიფომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების საწინააღმდეგოდ, დამატებითი ბარიერები შექმნა აბორტზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

გენდერული უთანასწორობის სოციალურ-ეკონომიკური განზომილება

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თვალშისაცემია გენდერული უთანასწორობის სოციალურ-ეკონომიკური განზომილება. მათი ცნობით ქალები, განსაკუთრებით სოფლად, უფრო მოწყვლადები არიან სიღარიბის მიმართ და მეტ ბარიერს აწყდებიან რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით. ასევე, აღნიშნავენ, რომ დაბალია ქალების დასაქმების და ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები კაცებთან შედარებით.

"ამასთან, არაპროპორციულად არის განაწილებული აუნაზღაურებელი შინ შრომის ტვირთი ქალებსა და კაცებს შორის, რაც ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემასთან და დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებთან ერთად, კიდევ უფრო ართულებს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას", - აცხადებენ საია-ში.

საია მოუწოდებს:

საქართველოს პარლამენტს:

●      საკანონმდებლო ცვლილებების გზით, სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  XXII თავით (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ) გათვალისწინებული მუხლები

სასამართლოს:

●      ოჯახში ძალადობის საქმეებზე იხელმძღვანელოს მსხვერპლთა უსაფრთხოების პრინციპით და ამგვარად მიიღოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიებისა თუ სასჯელის გამოყენების შესახებ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

●      უზრუნველყოს „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანების შესაბამისობაში მოყვანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

●      უზრუნველყოს იძულებითი ან/და ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე ასეთ შემთხვევებზე მყისიერი და ეფექტური რეაგირება.

საქართველოს მთავრობას:

●      უზრუნველყოს ძალადობაგადატანილი ქალებისთვის მხარდაჭერის სერვისებზე მისაწვდომობა, მათ შორის კრიზისული ცენტრებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეფერირების ცენტრების რაოდენობის გაზრდის გზით;

  • მიიღოს ზომები ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და არსებითი თანასწორობის მისაღწევად;

●      გაატაროს ღონისძიებები როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების ცნობიერების ასამაღლებლად გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ.


close დახურვა