საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას იწყებს. ხვალ, 22 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე "ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, გაიმართება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
განსახილველ საქმეში, დავის საგანია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც ისინი ითხოვდნენ პირადი განცხადების საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის წევრი პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტი ვალდებულია, აღნიშნულ პირს შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ფორმალური პროცედურით თუ დაადგენს, რომ განცხადებაში გამოვლენილი ნება ნამდვილად შეესაბამება განცხადების ავტორის ნებას.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავოდ გამხდარი დადგენილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია.
გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს პარლამენტში შესვლაზე, ამბობს, რომ ამასთან, აგრძელებს დავას საკონსტიტუციო სასამართლოში.
მისივე თქმით, იბრძოლებს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის, რომლითაც მანდატის გაუქმებაზე უარი ეთქვა.
"ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე.
ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო, მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში
და ბოლოს: მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში. არ მგონია ბოლომდე გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა", - წერს ჯაფარიძე.
მანდატის შეწყვეტაზე უარი ჯაფარიძემ თებერვალში გაასაჩივრა. მაშინ, ზურაბ ჯაფარიძეს და 50 სხვა დეპუტატს, რომლებმაც პარლამენტს შესაბამისი განცხადებებით მიმართეს, ქართულმა ოცნებამ მანდატების შეწყვეტაზე უარი უთხრა.
ჯაფარიძემ თქვა, რომ მას დეკლარაციის შევსებაც მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმით დაემუქრნენ.
სხვადასხვა პარტიის 51 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვა, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და დეპუტატობაზე უაი თქვა.