logo
ENG



საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველანაირი დათქმის გარეშე დავუჭერთ მხარს - გოგიჩაიშვილი

23 ივნ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენითაც მხარს დაუჭერენ. მათი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების მიღება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ მზად ვართ, რომ დავუჭიროთ მხარი ყველანაირი დათქმების გარეშე, რადგან მიგვაჩნია, რომ ოქტომბრის ბოლოს ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს არჩევნები, სადაც ადამიანები შეძლებენ ზედმეტი ემოციების გარეშე და პრაგმატულად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მათი აზრით, მათი ქვეყნის მომავალი შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატმა ნინო გოგუაძემ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცვლილებების განხორციელება დიდი ხნით ადრე იყო შესაძლებელი, თუმცა მმართველ გუნდს ამ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა.

„მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდა პროპორციული სისტემის ცვლილებებისკენ სწრაფი ნაბიჯები გადაედგა და მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო შესაძლებლობა, უფრო ადრე მიგვეღო, ეს ქვეყანა უფრო ადრე გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, სამწუხაროდ ამდენი დრო დაგვჭირდა, ვნებათაღელვა და პოლიტიკური დაძაბულობა. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი და რომელიც ღიად აცხადებს, რომ პროპორციული სისტემა არის ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა, მათ აქვთ ყველას პასუხისმგებლობა, რომ ამ ცვლილებებს დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

რაც შეეხება დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის პოზიციას, ის ფიქრობს, რომ კანონპროექტი დამტკიცდება, რადგან არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიციური პარტიები თავიანთ რეპუტაციას სასწორზე არ დადებენ.  

„განცხადებებში, რომელიც არის როგორც „ქართული ოცნების“, ისევე „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, დიდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ. ასე რომ შემიძლია გითხრათ, ჩვენი ფრაქცია აბსოლუტურად სრულად უჭერს მხარს. არც იმას ვფიქრობ, რომ იმდენად რეპუტაციული ავტორიტეტი დგას, რომ ან „ქართულმა ოცნებამ“, ან „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს რეპუტაცია და ავტორიტეტი სასწორზე დადოს“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა პარლამენტში დღეს გაიმართება. პროცესში მონაწილეობის მიღებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატები აღარ აპირებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება კი, კვლავ უცვლელია - ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.


close დახურვა