logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი: პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ

20 მარ 202619:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/20/smvh2clhm8ft3ow.jpg

კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია, კვირას ილია მეორის დაკრძალვაზე ყველანი ერთად იყვნენ, მათ შორისც, საქართველოს ყველა პრეზიდენტი და პატივი მიაგონ პატრიარქის ხსოვნას.

"ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ კვირას ვიყოთ ერთად, ალბათ თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, რადგან ესეც იქნებოდა ნიშანი ერთობის, ყოველგვარი პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა, ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში.

თუმცა, სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთნი კვირას, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი ნიშანი იმის, რომ მას პატივს ვცემდით და გავიგეთ, რისთვის იყო მოსული ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი. 

ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის და ერთმანეთის სიყვარულისკენ. ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში, ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, მიუხედავად იმის, რომ შესაძლოა, ვეღარ ამბობდა, თუმცა მას ასეთი სურვილი ალბათ ექნებოდა, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მისთვის პატივი მიეგო... ვისურვებდი, რომ ვინც მოვა მერე, შეძლოს გააგრძელოს ამ გზის ნაწილი, არ დაყოს ეს ეკლესია, არ დაყოს საქართველო", - თქვა ზურაბიშვილმა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. 

 

 


close დახურვა