„სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც“, - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვას, თუ რით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ხშირად ხვდება ხალხს და იღებს მათგან სიყვარულს, 5-კაციანი აქციები კი არაფერს ნიშნავს.
„მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში გავდივარ რეგიონებში, ხალხს ვხვდები ძალიან დიდი დოზით, სიყვარულით. ჩემთვის საზომი იმის თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, აი ეს არის და არა ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა. ამიტომ სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი, სხვა თავშეყრის ადგილებშიც, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ და ვიქნები სადაც საჭიროა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
განცხადება პრეზიდენტმა დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც სასტუმრო ბილტმორში მიმდინარეობდა. ღონისძიების პარალელურად, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთწლიანი პერიოდი აქციით გააპროტესტეს მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა.