logo
ENG



სამადაშვილი: ფოტიგას ციხეში არ უშვებენ, სააკაშვილს მე გადავცემ ევროპელ პოლიტიკოსთა წერილს

12 ნოე 202116:52
3 წუთის საკითხავი
 

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რადგანაც იუსტიციის სამინისტრო ანა ფოტიგას და ასევე ლიეტუვის პარლამენტის ორ წევრს, ჯერეჯერობით ციხეში შესვლის ნებართვას არ აძლევს, მათ გზავნილს, წერილის სახით, მიხეილ სააკაშვილს სალომე სამადაშვილი თავად გადასცემს.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ წერილს, რომელსაც ის მიხეილ სააკაშვილს გადასცემს ხელს აწერენ გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები.

ასევე, წერილში არის მოწოდება საქართველოს მთავრობისთვის, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ასევე, მოწოდება მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის - განიხილონ შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

"სამწუხაროდ ახლა 6 საათაზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და მათ ამ წუთამდე არ მიუღიათ უფლება იუსტიციის სამინისტროსგან მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში, მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მცდელობა, რომ ფაქტიურად, ასე ვთქვათ იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისთვისაც ცხადია ევროპელ პოლიტიკოსებთან პირადად შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი.

მიუხედავად ამისა, რამდენადაც მე მაქვს მიღებული უფლება შესვლის ციხეში, მე ახლა ამ უფლებას გამოვიყენებ და მსურს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადავცე წერილი, რომელსაც ხელს აწერენ არა მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან ჩამოსული აქ, არამედ არაერთი სხვა ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსი და გადავცე მას ის გზავნილი, რაც ამ წერილში არის გაჟღერებული.

შემიძლია გაგიზიაროთ აქ არის, ორი მოწოდება, ერთი ეს არის ცხადია საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომის გატარებას და მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას და ასევე მოწოდებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართულებით, რომ მან განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა, რამდენადაც ეს არის აუცილებელი მისი და ასევე ელენე ხოშტარიას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად" , - ამბობს სალომე სამადაშვილი

სამადაშვილის თქმით, საქართველოში დღეს ჩამოსულ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა დღეს 18:00 საათზე ეწურება.

სალომე სამადაშვილის თქმით, რადგან ხვალ არასამუშაო დღეა, თუ იუსტიციის სამინისტრომ 6 საათამდე ნებართვა არ გასცა, მაშინ ანა ფოტიგა ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებას აქვს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა, რასაც საკუთარი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებდა.

სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას არაერთხელ უთქვამს უარი საქართველოში ჩამოსული გავლენიანი პოლიტიკოსებისთვის მოენახულებინათ პოლიტიკური პატიმრები.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა. ფოტიგას თქმით, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა.  როგორც ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარი საქართველოშია. ამასთან, ხოშტარია იმედოვნებს, რომ ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალებას მისცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მორიგი სკანდალი იქნება.  

გუშინ, 11 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს.

სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა ელენე ხოშტარიასაც, თუმცა როგორც ხოშტარიამ თქვა, ის მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას არ შეწყვეტს. 


close დახურვა