ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უსაფრთხოების თემა და ნიკა გვარამიას პატიმრობა. სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში იმყოფებიან და ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანიც.
სამადაშვილი ამბობს, რომ შაჰინი დაინტერესდა, როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას.
"მასთან საუბარი გვქონდა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანას აქვს. ვფიქრობ, ის ძალიან გულდაწყვეტილია, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომ ქვეყანა დარჩა კანდიდატის სტატუსის გარეშე. დააინტერესა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, გვქონდა საუბარი უსაფრთხოების გამოწვევებზე და ასევე, იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია შექმნილი.
მაგალითად, მე მქონდა მასთან საუბარი ნიკა გვარამიას პატიმრობის თემაზე, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყანაში, სადაც დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორი არის დაპატიმრებული, ჩვენი ევროპული განაცხადის წარმატების შანსი მცირდება და გავაცანით ჩვენი მოლოდინი, როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს დღეს დასავლეთმა იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადარჩეს და მორიგი კრახით არ დავასრულოთ კანდიდატის სტატუსის მიღების მცდელობა შემოდგომაზე", - თქვა სამადაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.