logo
ENG



სამადაშვილი ჯაფარიძეს მოუწოდებს, რომ ენმ-ის ამომრჩეველს ბოდიში მოუხადოს

25 სექ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდა, პირადად მიმართოს ენმ-ის ამომრჩეველს და უთხრას, რომ მათი აზრი გირჩის ლიდერისთვის მნიშვნელოვანია.

სამადაშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არა პარტიის რომელიმე ლიდერი, არამედ მათი ასობით ათასი მხარდამჭერია და ჯაფარიძემ შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ მათი აზრი საინტერესო არაა:

"ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ გადაწყვიტა, ორი ფრონტი გახსნას და ბიძინა ივანიშვილთან ერთად თავს ესხმის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს, მაგრამ ჩვენ არ ვპასუხობთ ამას. თუმცა, არსებობს წითელი ხაზი და ეს არის ჩვენი პარტიის ასობით ათასი ამომრჩეველი. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ჩვენ ვერ მოვითმენთ. გვინდა მივმართოთ გირჩის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია დიდუბე-ჩუღურეთში, ვფიქრობთ, რომ მისი განცხადება იყო შეცდომა. თუ ჯაფარიძეც ასევე ფიქრობს, უპრიანი იქნება, რომ მან პირადად მიმართოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს და განმარტოს თავისი პოზიცია, თუ გნებავთ ბოდიში მოიხადოს", - აცხადებს სამადაშვილი.

სამადაშვილს არ დაუკონკრეტებია პირობის არშესრულების შემთხვევაში, კვლავ დაუჭერს თუ არა ენმ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

20 სექტემბერს დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პარტიულ კოალიციას ვერ ხედავს.

ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის ამ განცხადებაზე ოპოზიციური პარტიები ჩუმად ან მოზომილი არიან, იმიტომ რომ ა) ნაციონალური მოძრაობის სიაში სხედან ან ბ) ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში არიან ან გ) ნაციონალური მოძრაობის ხმები სჭირდებათ მათ მაჟორიტარებს (სადაც შეთანხმებული კანდიდატებია) ან დ) ფიქრობენ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკით ოპოზიციურ ფლანგს დააზიანებენ. მე არ გავჩუმდები არც ერთი ამ მიზეზის გამო, თუნდაც ეს დამიჯდეს დიდუბე-ჩუღურეთში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის დაკარგვად.


close დახურვა