სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
"ამ ეტაპზე გაუმჯობესების კუთხით ვერაფერს სასიხარულოს ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, მდგომარეობა ისევ მძიმეა. თუმცა, მივაღწიეთ სტაბილურობას, გაუარესება არ გვაქვს. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ბავშვები გამოჯანმრთელებულები დაუბრუნდენ ოჯახებს. მათ მკურნალობაში ჩართულია რეანიმაციის და პედიატრიის ბორდი და ვიყენებთ ყველა თანამედროვე მკურნალობის მეთოდს". - ამბობს დავით რეხვიაშვილი, ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის ხელმძღვანელი.
სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. ერთ ბავშვს ინდური, იგივე დელტა შტამი დაუდგინდა, მეორეს კი ბრიტანული შტამი. მესამე ჩვილზე ინფექციის შტამის განსაზღვრისთვის კვლევა გრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დელტა და ალფა შტამები ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირ შემთხვევაში გადადების მთავარი წყარო მშობლები არიან.
მისი თქმით, ამ შტამებს კლინიკურად უფრო მძიმე მიმდინარეობები აქვს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლები სრულად ვაქცინირებული იყვნენ.
10 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გარდაიცვალა 22 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.06 %.