logo
ENG



სამნიძემ პაპუაშვილი სექსიზმში დაადანაშაულა - პაპუაშვილმა მას "წიგნების წაკითხვა" ურჩია

05 ოქტ 202316:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/05/e9om1vxk9hl7dor.jpg

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში გამკაცრებულ ცვლილებებს განიხილავენ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ 4 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.

გუშინ, სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას სიტყვით გამოსვლას შალვა პაპუაშვილმა "ისტერიული" უწოდა. სამნიძემ პაპუაშვილს უთხრა, რომ ამ სიტყვებით მან "სექსისტური განცხადება გააკეთა, რაც არ არის პირველი".

"პირველ რიგში, არ შემიძლია არ მოგმართოთ ბატონო შალვა, იმის შემდეგ რაც გუშინ სექსისტური განცხადება გააკეთეთ ისევ, უტიფრად და არ არის ეს პირველი, როდესაც კოლეგა ქალის ამ ტრიბუნიდან გამოსვლის შემდეგ, მისი გამოსვლა ისტერიულად შეაფასეთ და მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ თუ ძალიან კრიტიკული მოგეჩვენებათ რომელიმე ქალი დეპუტატის გამოსვლა, თავი შეიკავოთ და სხვა ტიპის შეფასებები გაგვიზიაროთ", - თქვა სამნიძემ.

სამნიძის განცხადების შემდეგ, პაპუაშვილმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თავად დაადანაშაულა სექსიზმში და თქვა, რომ სამნიძე "ვერც კი ხვდება, ისე აკეთებს სექსისტურ განცხადებას". მან სამნიძეს უთხრა, რომ ქალთა უფლებები, სექსიზმი მხოლოდ ტრენინგებზე აქვს გაგებული და "Power Point-ის პრეზენტაციაზე შორს ვერ წასულა".

პაპუაშვილმა ამ კონტექსტში თეა წულუკიანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ქალი დეპუტატების პროტესტი გაიხსენა და სამნიძეს უთხრა, რომ "მორალთან და ქალთა უფლებებთან ახლოსაც კი არ არის გავლილი". მან ქალ დეპუტატს მოუწოდა, "Power Point-ის იქით სიღრმეში წავიდეს, წიგნები წაიკითხოს და მეტად გაერკვეს ამ საკითხში".

"ჩვენ ვხედავთ იურისტებს, რომლებსაც ტრენინგებით აქვთ ნასწავლი იურისპრუდენცია და იმის იქით ვერ მიდიან, სიღრმეებში. ქალბატონო ხათუნა, თქვენ რომ ქალთა უფლებები, სექსიზმი ტრენინგებზე გაქვთ და მეტ სიღრმეებში არ წასულხართ, ვიდრე Power Point-ის პრეზენტაცია, სწორედ თქვენი გამოსვლა ამაზე მეტყველებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ სიტყვა ისტერია სექსისტურია, თქვენ ხართ ზუსტად სექსისტი, იმიტომ რომ გამოდის, რომ მხოლოდ ქალები შეიძლება იყვნენ ისტერიული და არა კაცები, ხომ ელემენტარული ცოდნა უნდა ამ ყველაფერს. ვერც კი ხვდებით, ისე აკეთებთ სექსისტურ განცხადებებს.

თქვენ რაც იკადრეთ ქალბატონი თეა წულუკიანის გამოსვლის დროს, თქვენ პირადად და თქვენმა მეგობარმა ქალმა დეპუტატებმა, რა პლაკატიც გეჭირათ ხელში, ზედ რაც ეწერა, ეს თუ არ არის ისტერია და ეს თუ არ არის ქალთა უფლებების შელახვა, როდესაც ქალი პოლიტიკოსი გამოდიოდა ტრიბუნასთან, თქვენ მორალს როგორ კითხულობთ საერთოდ, რაც თქვენ იკადრეთ, ხელში რაც გეჭირათ, რა სიტყვებიც ზედ ეწერა, რა მორალზე საუბრობთ საერთოდ. მორალთან ახლოსაც არ ხართ გავლილი და ქალთა უფლებებთან. ქალი პოლიტიკოსი იდგა ტრიბუნასთან და რა იკადრეთ ქალმა პოლიტიკოსებმა.

...და ქალბატონი ნინო წილოსანის მიმართ, ქალი პოლიტიკოსები რომ ესხმით ხოლმე თავს, რასაც ქალი პოლიტიკოსები კადრულობთ, ეს არის სწორედ ქალთა უფლებების მიმართ უდიერი დამოკიდებულება. რა როლს აჩვენებთ თქვენ ახალგაზრდა გოგონებს, რომ ეს არის პოლიტიკა? რომ ეს შეუძლია ქალს მხოლოდ, ისტერია? თქვენ იარლიყს აკრავთ ქალებს, რომ თურმე ისტერია გულისხმობს, რომ მხოლოდ ქალი შეიძლება იყოს ისტერიული და არა კაცი. სექსისტური გამოსვლა იყო ზუსტად თქვენი. მე ერთ რამეს გირჩევდით, Power Point-ის იქით სიღრმეში წადით, წიგნები წაიკითხეთ და ცოტა მეტად გაერკვიეთ ამ საკითხებში", - თქვა პაპუაშვილმა.


close დახურვა