logo
ENG



სამნიძე რაჭის ტყეებზე: ხიდაშელი ეცდება გავლენების გამოყენებით გარიგება ბოლომდე მიიყვანოს

14 სექ 202314:47
3 წუთის საკითხავი
 
სამნიძე რაჭის ტყეებზე: ხიდაშელი ეცდება გავლენების გამოყენებით გარიგება ბოლომდე მიიყვანოს

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის სამონადირეო მეურნეობა შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესის შეჩერებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებისა და ადგილობრივების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო მიიღო.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ხიდაშელი პირადი კონტაქტების გამოყეებით გარიგების ბოლომდე მიყვანას შეეცდება.

"კონკრეტული მასალის გამოთხოვის შემდეგ, ადგილზე - რაჭაში, ადამიანების რეაგირების შემდეგ და იმის შემდეგ, რაც ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ საკითხით, ბუნებრივია რომ სახელმწიფო ახლა ცდილობს მოაწესრიგოს კონკრეტული დოკუმენტები. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ არის იმ იმედის მომცემი, რომ ეს გარიგება საბოლოოდ არ შედგება. ბატონი ხიდაშელი ეცდება თავისი გავლენების და კავშირების გამოყენებით, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან კავშირების გამოყენებით შეეცადოს რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს გარიგება, თუმცა სახელმწიფო უკვე ფრთხილად არის კონკრეტული დოკუმენტების მომზადებაში როგორც ჩანს", - თქვა დეპუტატმა.

***

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცახდებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიის, სამონადირეო მეურნეობა შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.

დეპარტამენტის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპანიას ამ დრომდე არ წარუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

***

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.

 

 

 


close დახურვა