logo
ENG



სამხარაძემ ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დაკარგა

05 ივლ 202311:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/05/hf8okofh3lk3143.jpg

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დაკარგა. 

ვანკუვერში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ხმა კომიტეტის 81-მა წევრმა მისცა, მათგან ნიკოლოზ სამხარაძეს მხარი 39-მა ადამიანმა დაუჭირა, 42 ხმით კი მისი კონკურენტი ლუცია პოტუჩკოვა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

ლუცია პოტუჩკოვა ჩეხი დეპუტატია. ის 2021 წლიდან ჩეხეთის პარლამენტში ევროპული ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელია.

პოტუჩკოვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის დელეგაციის წევრი 2021 წლიდანაა.

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 2022 წლის 5 ივლისს აირჩიეს, ის ამ პოზიციას 1 წლის განმავლობაში იკავებდა.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევით, ნიკოლოზ სამხარაძე აგრეთვე გახდა ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - ბიუროს წევრი.

კენჭისყრამდე კანდიდატებს კომიტეტის წინაშე 3-წუთიანი გამოსვლები ჰქონდათ, სადაც საკუთარ გამოცდილებასა და თავმჯდომარის პოზიციაზე მიზნებზე ისაუბრებდნენ.

ბიოგრაფიული მიმოხილვასთან ერთად სამხარაძემ თავის 3-წუთიან წარდგენაში ისაუბრა რუსეთის მხრიდან საქართველოზე, როგორც დემოკრატიის მოსურნე ქვეყანაზე თავდასხმაზე, თუმცა მას არც ერთხელ უხსენებია უკრაინა.

"საქართველო, როგორც იცით, არის ფრონტის ხაზზე ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა ზუსტად დემოკრატიის არჩევის გამო და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის ცხოვრების წესად არჩევის გამო და ჩვენ ასევე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფების პირდაპირი გამოცდილება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა და ჩვენ ვიცით ერთობლივი, საერთაშორისო პასუხის აუცილებლობა. მჯერა, რომ ეუთო სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა. გასულ წელს, როცა პირველად ამირჩიეს ამ კომიტეტის თავმჯდომარედ, შევთანხმდით რომ ჩვენ ხმამაღლა ვისაუბრებდით იმ ყველა პრობლემაზე, რაც ეხება დემოკრატიას ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხებს ეუთოს ტერიტორიაზე და ვეცდები, გავაგრძელო ამის კეთება, რადგან მჯერა 3 რამის: თანმიმდევრულობის, შეთანხმებულობისა და თანამშრომლობის. ჩემი გამოცდილებითა და უნარებით, მჯერა, რომ შემიძლია, ვიყო თავმჯდომარე, რომელიც შეძლებს გაუწოდოს თანამშრომლობის ხელი ეუთოს ყველა დელეგაციას მონღოლეთიდან კანადამდე" - განაცხადა სამხარაძემ.

მისმა კონკურენტმა ლუცია პოტუჩკოვამ კი კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ გამოცდილებაზე საუბრის გარდა უკრაინის კონტექსტზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ჩეხეთმა უკრაინელი ლტოლვილების დიდი რაოდენობა მიიღო და თქვა, რომ იმ ღირებულებებს, რაზეც ეუთო დგას უკრაინაში რუსეთი სასტიკად ესხმის თავს.

"მე ჩეხეთიდან ვარ. ქვეყნიდან, რომელმაც შეძლო ტრანსფორმაცია ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიულობამდე ისე შეუფერხებლად, რომ ამას ხავერდის რევოლუცია ეწოდა. ქვეყანა, რომელიც გამოეყო მის საყვარელ, მოძმე მეზობელ სლოვაკეთს ისე მშვიდობიანად, რომ ჩვენ ახლაც საუკეთესო მეგობრები ვართ. ქვეყნიდან, რომელმაც უმასპინძლა 400 000 უკრაინელ ლტოლვილს - რაც პერ კაპიტა ევროპაში ყველაზე დიდი რიცხვია. ასე რომ, ახლა თქვენ იცით, რას ნიშნავს ჩვენთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები" - განაცხადა პოტუჩკოვამ.

არჩევის შემთხვევაში პოტუჩკოვა კომიტეტს, მათ შორის, დაჰპირდა, რომ იქნება ძლიერი ლიდერი, რადგან მისი თქმით, ძლიერი მმართველობა და ეუთო-ს მთავარი ღირებულებებისადმი ერთგულებაა ის, რაც ამ პლატფორმას დღეს სჭირდება "როცა ჩვენს ბაზისური ღირებულებებს ასე სასტიკად ესხმის რუსეთი თავს".


close დახურვა