logo
ENG



სამხარაძე აშშ-ს საელჩოს კრიტიკაზე: ვფიქრობ, რომ უსამართლოა

29 აპრ 202122:58
3 წუთის საკითხავი
 
სამხარაძე აშშ-ს საელჩოს კრიტიკაზე: ვფიქრობ, რომ უსამართლოა

ქართული ოცნების დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩოს კრიტიკა ადმინისტრაციული კოდექსის ცვლილებაზე, "უსამართლოა". საქმე ეხება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის მუხლების გამკაცრებას. 

პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში" მანვე განმარტა, რომ საელჩოს განცხადებაში საუბარია არა კანონის შინაარსზე, არამედ პროცედურაზე. 

"ვფიქრობ, რომ უსამართლოა. თვითონ კანონმდებლობის შინაარსზე არ წერია, არის პროცედურაზე", - თქვა მან.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ისინი იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების მიერ ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ჟურნალისტის კითხვაზე, ღირდა თუ არა კოდექსში შესული ცვლილებები აშშ-ს ასეთ შეფასებად, სამხარაძე პასუხობს - "ღირდა ნამდვილად" და განმარტავს, რომ პროცესის პირველ ივნისამდე დასრულების ვალდებულება ჰქონდათ. 

"იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაკავების სხვადასხვა ვადების არსებობა გააუქმა და პარლამენტს დაავალა, რომ ეს ცვლილებები კანონმდებლობაში პირველ ივნისამდე აესახა. აქედან გამომდინარე აშშ-ს საელჩოს განცხადებაში წერია, რომ არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა ეს ასე არ იყო.

კომიტეტებზე ოპოზიციური პარტიები გუშინაც და გუშინწინაც იყვნენ წარმოდგენილი. ახლა იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და კომიტეტებზე არ დადიან ძალით ნამდვილად ვერ მოვიყვანთ სხდომებზე", - ამბობს სამხარაძე. 

დღეს, 29 აპრილს კენჭისყრაში მონაწილე 84-ვე დეპუტატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს აკავებს.

ცვლილებებით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.

კოდექსის ცვლილებას გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების მიერ ხსენებული ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. 

საელჩოში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა. 

კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია. ინიციატორები არიან: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.

 


close დახურვა