logo
ENG



სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა

04 თებ 202214:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/04/u6ziht7wsz85icl.jpg

კულტურის სამინისტროს განცხადებით, სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. საუბარია ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრებზე. 

ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი გასული წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა. სამინისტროს ინფორმაციით, საბჭომ გადაწყვიტა, ზესტაფონის თეატრში დასანიშნად სამინისტროს არ წარედგინოს არც ერთი კანდიდატი, "ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა საბჭოს სხდომაზე ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა".

თუმანიშვილის თეატრში ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი 20 იანვარს გამოცხადდა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არც ერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გასული ოთხი წლის განმავლობაში გიორგი სიხარულიძე იყო. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

რაც შეეხება ქუთაისის თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 6-მა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა - მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონსტანტინე აბაშიძის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში, რაც ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა წარსადგენად.

"რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი", - განმარტავენ სამინისტროში.

2022 წლიდან 20-მდე პროფესიულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. მინისტრმა თეა წულუკიანმა დისკრეციული უფლების ფარგლებში ოთხ თეატრში პირდაპირ დანიშნა ოთხი სამხატვრო ხელმძღვანელი, მათ შორის რუსთაველის თეატრში. გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში  კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა და დანიშვნაზე უარი უთხრეს მოქმედ ხელმძღვანელს, დავით ჩხარტიშვილს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პროფესიულ წრეებში კრიტიკა გამოიწვია.

რამდენიმე დღის წინ პროფესიული თეატრალური კრიტიკის წევრებმა ღია წერილი გაავრცელეს, სადაც შესარჩევი კონკურსის პროცედურები გააკრიტიკეს. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ პროცესის დროს გამოვლინდა რიგი ტენდენციები, რომელიც "წარმოადგენს რეგრესულ ნაბიჯებს და იწვევს მავნებლურ შედეგებს სფეროს განვითარების თვალსაზრისით".


close დახურვა