logo
ENG



სანქტ-პეტერბურგში აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა

03 აპრ 202309:16
3 წუთის საკითხავი
 
Tass

გუშინ, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში აფეთქების შედეგად რუსეთის პროპაგანდისტი, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ტატარსკი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. 

"ფონტანკას" ცნობით, თვითმხილველებმა გამოცემის კორესპონდენტს განუცხადეს, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ვლადლენ ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცა.

აფეთქება ვლადლენ ტატარსკის [მისი ნამდვილი სახელია მაქსიმ ფომინი] შემოქმედებით საღამოზე, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მოხდა, აფეთქების შემდეგ იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
სანქტ-პეტერბურგის ცენტრში მომხდარი აფეთქების შესახებ მედიის ინფორმაციით, კვირას ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გახდა ცნობილი.

"18:13 [საათზე] ვასილეოსტროვსკის რაიონის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა კაფეში, უნივერსიტეტის სანაპიროზე, 25 სახლში. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, აღმოჩნდა, რომ ომის კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი იყო."- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, მათგან 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ექვსი მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ.

რუსული მედია იუწყება, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვაა, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

Tass


close დახურვა